Friday, March 30, 2018





30.03.2018.

თემა:  ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები

მიზანი: ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების დასახელებები, კლასიფიკაცია, მართკუთხედისა და კვადრატის ცნებების გააზრება, მათი აღწერა სიმეტრიის პრინციპზე დაყრდნობით, გეომეტრიული ფიგურების დასახელება ასოების გამოყენებით და ამ აღნიშვნების პრაქტიკაში გამოყენება.
  მოსწავლეთა გეომეტრიული წარმოდგენების გაღრმავება.
  შეხვედრა დავიწყეთ მოსწავლეთათვის ნაცნობი გეომეტრიული ფიგურების წარმოდგენით და მათი დასახელებების გახსენებით.
  მოსწავლეები აღწერილობის მიხედვით ამბობდნენ  გეომეტრიული ფიგურების სახელწოდებებს.
  განვიხილეთ სხვადასხვა ოთხკუთხედების სახეები, კერძოდ, რომლებიც მოცემული მოდელის გადაკეცვის შემთხვევაში ტოლ ფიგურებად შეიძლება დაიყოს და რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში არ იყოფიან ტოლ ფიგურებად.
  აღვნიშნეთ, რომ ყველაზე სიმეტრიული ფიგურაა კვადრატი, რომ მას ოთხი სიმეტრიის ღერძი აქვს. ბავშვებმა გაიხსენეს ისიც, რომ ყველა კვადრატი მართკუთხედია, ხოლო ყველა მართკუთხედი არაა კვადრატი. ვაჩვენეთ შესაბამისი მოდელები.
  წარმოვადგინეთ ისეთი ოთხკუთხედიც, რომელსაც კვადრატის მსგავსი თვისება აქვს
(დიაგონალები ტოლ ნაწილებად იყოფა), მაგრამ ის არც მართკუთხედია და არც კვადრატი (იგი რომბია). გეომეტრიული ფიგურები დავასახელეთ ასოების გამოყენებით.
  ბოლოს ბავშვებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო. თითოეულმა ჯგუფმა გამოჭრა ფიგურების მოდელები, აღწერა ისინი და დაასახელა სახელწოდებები.
  შეფასებისას გავითვალისწინეთ თუ რამდენად სრულყოფილად გაართვა თავი დავალებას თითოეულმა ჯგუფმა.

  შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს გეომეტრიული ფიგურების აღწერა, გამოთვლებისა და გაზომვების შედეგების წარმოდგენა, რითაც საყურადღებო ნაბიჯი გადადგეს  ,,მათემატიკური ენის" დაუფლების მიმართულებით.



  

Friday, March 23, 2018

23.03.2018.

თემა: რიცხვითი გამოსახულებების მნიშვნელობების შედარება.
მიზანი: ზეპირი ანგარიშის გამოყენება რიცხვითი გამოსახულებების მნიშვნელობების შესადარებლად.

  შევადგინეთ ექვივალენტური რიცხვითი გამოსახულებები, შევადარეთ ისინი ერთმანეთს. გამოვიყენეთ რიცხვის შეკრებისა და გამოკლების თვისებები და შევეცადეთ ექვივალენტური რიცხვითი გამოსახულებების ამოცნობას.
  გამოვიყენეთ შეკრების კომუტაციურობის თვისება - ანუ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ბავშვებმა შეადარეს გამოსახულებები გაორმაგების გამოყენებით, გამოიყენეს ზეპირი ანგარიშის ხერხები.
ერთმანეთს შეადარეს, აგრეთვე, სიდიდეებიც.
  მოსწავლეებმა  ამოხსნეს თემასთან დაკავშირებული მარტივი ამოცანები.
  შედეგად მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ზეპირი ანგარიშის უნარი რიცხვითი გამოსახულებების მნიშვნელობების შედარებისას.



Friday, March 16, 2018


16. 03. 2018 წელი. 

თემა: ზეპირი ანგარიშის ხერხები.
მიზანი: დიდი რიცხვების შეკრება-გამოკლებაში გაწაფვა. მისი შემოწმების უნარის განვითარება. ნატურალური რიცხვების შეკრებისა და გამოკლების თვისებების პრაქტიკული გამოყენების უნარის განვითარება.მათი წარმოდგენა ალგებრული სახით.
  ეს თემა მოსწავლეთათვის ნაწილობრივ ცნობილ მასალას შეიცავს. მისი გამეორებით გადავედით ახალი ხერხების წარმოდგენაზე. დავიწყეთ ათეულების, ასეულების, ათასეულების შეკრებით.მოსწავლეები აკეთებდნენ კომენტარებს მოქმედებათა შესრულების შესახებ. მათ ჩამოაყალიბეს მიმატების, გამოკლების ალგორითმი (შესაბამისი ერთეულით იცვლება ათეულების ციფრი). ასევე გავარჩიეთ ასეულების მიმატების (გამოკლების) წესი, რომელიც მოქმედებათა თვალსაჩინო წარმოდგენით ჩამოვაყალიბეთ. ყოველი ახალი შემთხვევის განხილვას წინ უძღოდა შესაბამისი მაგალითის დაწვრილებით განხილვა.
  ბოლოს მოსწავლეებმა შეასრულეს მათემატიკური თამაში: ,,შევარჩიოთ შეკრებისა და გამოკლების ხერხი,"რომლის დროსაც ბავშვებს ჯგუფების მიხედვით დაურიგდათ მაგალითები ბარათებით. პრეზენტაციის დროს გავარჩიეთ ალტერნატიული ხერხები და შევადარეთ ერთმანეთს. ვიმსჯელეთ შერჩეული ხერხის ადეკვატურობისა და უპირატესობის შესახებ.
  შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ დიდი რიცხვების შეკრება-გამოკლებისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარი.




Friday, March 2, 2018


02.03.2018 წელი


  თემა: რიცხვებში ათეულის, ასეულის, ათასეულის გამოყოფა.

მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ დიდი რიცხვების შეკრებისა და გამოკლების შესრულება სხვადასხვა ხერხით. მათ შორის ათასეულის, ასეულის და ათეულის გამოყოფის საშუალებით.


   გაკვეთილზე განვიხილეთ ის შემთხვევები, როცა ერთეულების შეკრების შემდეგ ვახდენთ ათეულის გამოყოფას. ამოვხსენით შესაბამისი პრაქტიკული ამოცანები.
  შევასრულეთ შეკრებისა და გამოკლების მაგალითები სხვადასხვა ხერხით. მაგალითად როცა მოქმმედებების შესრულების დროს საჭიროა რიცხვის დაშლა და მასში ათასეულის, ასეულის და ათეულის გამოყოფა.
   გამოკლების დროს როცა საკლებში ერთეულების რაოდენობა ნაკლებია მაკლებში ერთეულების რაოდენობაზე, გვიწევს საკლების ერთი ათეულის დაშლა, ამის შემდეგ საკლებში ერთეულების რაოდენობა ათით გაიზრდება, ათეულების რაოდენობა კი ერთით შემცირდება.
  განვიხილეთ ის შემთხვევაც, როცა ასეულის დაშლა გვიწევს და ა. შ.
  შედეგად, დიდი რიცხვების შეკრება-გამოკლებისას, მოსწავლეებს გამოუმუშავდათ რიცხვების დაშლისა და მათში ათასეულის, ასეულის, ათეულის გამოყოფის უნარი.






მოსწავლის შეფასების ანკეტა